გადაიდება თუ არა სკოლებსა და ბაღების დაწყების თარიღი - ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომელიც მიიჩნევს რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება გრიპის ვირუსით.
"სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში. ადამიანებს არ ექნებათ კონტაქტი ისე? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას, მაგრამ ნუ მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება".
მისი თქმით, ორ დღეში არდადეგების გახანგრძლივების თაობაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ანალიზისა და არსებული სტატისტიკის მიხედვით.
"ჩვენი რეკომენდაცია ორ დღეში იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს, დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.