ჯანდაცვის სამინისტროში მსჯელობენ H1N1 ვირუსის გამო აღდგება თუ არა სწავლის პროცესი

08 იანვარი 2019, 00:00 2154 ნახვა

H1N1 ვირუსის გამო გადაიდება თუ არა საჯარო სკოლებსა და ბაღებში სწავლება - ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებას, ვინაიდან განსაკუთრებულად რთული ვითარება ან სხვა რეგიონებიდან განსხვავებული მონაცემები აჭარაში არ არის. 

თუ არდადეგების გაგრძელების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ის როგორც საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს და სხვა სასწავლო დაწესებულებებს შეეხება. 

"გასულ კვირაში ავადობის კლების ტენდენცია დაფიქსირდა. ჩვენ დავაკვირდებით ამ კვირის განმავლობაშიც და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე," - ეს განცხადება დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გააკეთეს. 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაშიც საერთო რეკომენდაციას ელოდებიან.  

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით H1N1 ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 აჭარაში. შემთხვევათა უმეტესობის დროს, ჯანდაცვის ორგანიზაციების თქმით, პაციენტებს თანდართული ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, რაც თავის მხრივ ართულებს მკურნალობას.

რისკჯგუფში არიან ორსულები და ბავშვები. ბავშვთა სამედიცინო დაწესებულება ბათუმში ფაქტობრივად გადავსებულია. გუშინდელი მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებული 170 პირი მკურნალობდა, დღეს მონაცემები გაიზარდა.  მიმართვიანობა ისევ მაღალია, თუმცა ამბობენ, რომ არ არის ეპიდემიის საშიშროება. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი