ირაკლი შავაძეს, რომელიც თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებდა მოსამართლეობის ვადა არ გაუგრძელეს

31 დეკემბერი 2018, 00:00 1957 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე, რომელსაც ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარესთან დავით მამისეიშვილთან დაპირისპირება ჰქონდა, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მას მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი ვადა გაუვიდა.

ირაკლი შავაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი არამოსამართლე წევრი - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

ირაკლი შავაძის გარდა დღეს კიდევ 3 მოსამართლე - ასმათ კოხრეიძე, მიხეილ ბებიაშვილი და დავით კეკენაძე გათავისუფლდა სასამართლო სისტემიდან.

მოსამართლეებისთვის უფლბამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა გაუგებარია რატომ ათავისუფლებენ კონკრეტულად ირაკლი შავაძეს თანამდებობიდან, როდესაც გარკვეული ტიპის პრეტენზიები ჰქონდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეებს, რომლებიც 3 წლის გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულები და აქვთ მუშაობის გამოცდილება 3 წელზე მეტი ვადით, გაუგრძელოს უფლებამოსილება უვადოდ. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეთა უმრავლესობას საბჭომ გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა და თანამდებობებზე დანიშნა, თუმცა საერთო ჯამში 9 მოსამართლეა, რომელსაც უარი უთხრა ამაზე. მოგეხსენებათ მას პრეტენზიები ჰქონდა უშუალოდ მამისეიშვილთან მიმართებაში, მაგრამ თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება, მის მიმართ კითხვები არავის გასჩენია,თუმცა შავაძეს სამსახურიდან მიდის", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, რომელსაც უვადო მოსამართლედ განმწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა, სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.

კერძოდ, კი ირაკლი შავაძემ აღნიშნა, რომ მამისეიშვილი მის სამოსამართლეო საქმიანობაში ერეოდა. შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდებოდა.  

დავით მამისეშვილმა კი შავაძის ბრლადებებს მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი