სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების განხილვა და საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყოს მუშაობა. ნინო ლომჯარიას პოზიციას იზიარებენ მესამე სექტორში, სადაც მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი.
პარლამენტს მიმართავენ და პროცესის შეჩერებას, პეტიციით ითხოვენ მოქალაქეები. პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, იუსტიციის საბჭომ კი, საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა უნდა დაიწყოს - ასეთია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის - თამარ ჩუგოშვილის მოსაზრება. განცხადება დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმაც გაავრცელეს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს. ამ განცხადების შემდეგ, მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია.