ერთი წლის განმავლობაში, ბათუმის საკრებულოში 14 ინიციატივა განიხილეს. აქედან 6 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეკუთვნოდათ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილებულა.
ბათუმის საკრებულოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები ინიციატივების შინაარსს ყურადღებას არ აქცევენ, რადგან უმთავრესი მიზანი ოპოზიციის ინიციატივის ჩაგდებაა.
''ჩვენი წამოყენებული საკითხიც კი დღის წესრიგში არ შეაქვთ'' - ამბობს ანთაძე.
ამ ფაქტს არ უარყოფს "ქართული ოცნების" ერთი-ერთი დეპუტატი დავით მახარაძე. იგი ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივებს სერიოზულად არც კი განიხილავენ.
''საიდან მოდის ეს ინიციატივები და რატომ ხდება? ბოლოს ყველა ვთანხმდებით და ვჯერდებით... მე ოპოზიციის ინიციატივა არ მიმაჩნია გამართლებულად და არ ვღებულობ სეროზულად.
აჭარის მასშტაბით საკრებულოების წევრების აქტივობა "საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ" შეისწავლა. გამოიკვეთა, რომ ბათუმის შემთხვევაში საკრებულოს დეპუტატები დიდ დროს არა ადგილობრივი საკითხების განხილვას, არამედ ზოგადად პოლიტიკურ თემებზე მსჯელობას და ოპონირებას ანდომებენ.
"საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საკრებულოს წევრების პრეროგატივა არ არის და მათი პასუხისმგებლობა, სწორედ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინიციატივების შეტანა, განხილვა და მსჯელობაა.
"ბევრი დრო იკარგება ოპონირებაში, ისმის ლანძღვა და გინებაც, რაც ცალსახად ნეგატიურად შეიძლება ჩაითვალოს. ამაში იხარჯება დრო, მაშინ როცა ეს დრო და რესურსი ბათუმელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობასა და თუნდაც კამათში უნდა დაიხარჯოს" - აცხადებს რომა დოლაბერიძე.
კვლევის მიხედვით, 6 მუნიციპალიტეტიდან ბათუმის საკრებულო, პასიურობით ბოლოდან მეორე ადგილზეა.
ყველაზე პასიური ქობულეთის საკრებულო აღმოჩნდა, ყველაზე აქტიურები კი შუახევის დეპუტატები არიან.