დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სამინისტრო არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.
აღსანიშნავია, რომ შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.