ხულოში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება სწავლობს, ცეცხლი ერთ-ერთი ვერსიით ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა. სოფელ ჭახაურში სულიკო და ნოდარი ართმელაძეების საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ. მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილები 72 წლის კაცი და 19 წლის გოგო სახლში მარტო იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი დაღუპული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო. დაიწვა ორი საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და საზამთროდ დასაწყობებული შეშის მარაგი. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით დაზარალებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარით დაეხმარებიან. მათ დახმარებას ბათუმის მერიაც გეგმავს. დაზარალებულები თავს ახლობელთან აფარებენ. დღის ბოლომდე კი მათ მერია ქირით გაიყვანს.