რამინ ზოიძე ერთ-ერთია, რომელმაც შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებით აჭარის მაღალმთიანეთში არყის წარმოება დაიწყოს. მან საგრანტო კონკურსის ერთი ეტაპი უკვე გადალახა. იდეა კომისიის წევრებმა მოიწონეს. მეწარმე ამბობს, რომ ალკოჰოლური სასმელი სინჯები შესამოწმებლად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გააგზავნა. აღმოჩნდა რომ ხულოში დამზადებული არაყი სტანდარტებს აკმაყოფილებს.
''რომ არა ევროკავშირის გრანტი, ამ პროექტის განხორციელებას ვერ შევძლებდი. აქ ჩვენი დაფინანსება მხოლოდ 30%, დარჩენილ თანხას კი კონკურში გამარჯვების შემთხვევაში გვაძლევენ. იდეა გვქონდა მაგრამ ინდივიდუალურად ამის გაკეთება გვიჭირდა. გრანტმა ინიციატივებს სიცოცხლე შესძინა. აქ საუბარია დაახლოებით 100 ათას ლარზე, რომელსაც სხვა პროგრამით არცერთ შემთხვევაში არ დამიფინანსებდნენ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რამინ ზოიძემ.
ევროკავშირი ქედასა და ხულოში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი პროექტისთთვის გასცემს თანხას . ადგილობრივ მეწარმეებს გრანტის მიღება თანადაფინანსებით შეეძლებათ.
სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროექტი, ხულოში 48 თვის განმავლობაში იმუშავებს. 2021 წლის მარტამდე ორი მილიონი ევრო დაიხარჯება, თანხის ნახევარი კი გრანტის სახით, ბიზნესის განვითარებისთვის გაიცემა. ხულოში დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უკვე შეიტანეს, კომისიამ 400-დან 187 აპლიკანტი მეორე ეტაპზე გადაიყვანა. შემდეგი ბიზნეს გეგმის დეტალური გაწერაა.
პროექტის კორდინატორი გიორგი მურვანიძე ამბობს, რომ თანხის გაცემა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის იანვარში დაიწყება.
ახალი ბიზნეს იდეებით მოქალაქეებს ქედაშიც ელოდებიან. იდეების კონკურსი, რომელიც 20 სექტემბერს გამოცხადდა, 8 დღეში დასრულდება. ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს საშუალება საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ და განაცხადი შეიტანონ. პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობას, ტურიზმის განვითარებას, გარემოს დაცვას და განათლება.
''ქედა ლიდერი'' ხელმძღვანელი ნინო გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იდეების დასაფინანსებლად დაახლოებით 900 ათასი ევროა გათვალისწინებული. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად ქედაშიც 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
'' ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია სენნი ქედაში დიდ პროგრამას ახორციელებს, რომელიც სოფლის განვითარებისკენ არის მიმართული. გრანტის სახით გასაცემი თანხა იწყება 10 ათასი ლარიდან და მაქსიმალური 150 ათასია. მაქსიმალურ ბიუჯეტიანი პროექტი ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს'' - ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.
ევროკავშირის ელჩი დღეს ბათუმში ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრეზენტაციას დაესწრო. კარლ ჰარცელმა ქართული პროდუქცია - ღვინო, თაფლი, ჩურჩხელა, ჩირი და ყველი დააგემოვნა. ''ძალიან გემრიელია'' თქვა ელჩმა ღვინოზე, რომელიც ქედაში იყო დამზადებული.
დიპლომატი სტენდთან რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა და აჭარის მაღალმთიანეთში დამზადებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინა.
მალე კი მეწარმეებს საშუალება ექნებათ ეს მცირე ბიზნესი გააფართოონ. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსთან და კონკრეტულად კი აჭარასთან ამ კუთხით მუშაობა სამომავლოდაც გაგრძელდება
''აჭარაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება, ჩვენ მხარს ვუჭერთ სოფლის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს. ინვესტიცია ჩაიდება გარემოს დაცვით და ტურიზმის სფეროების განვითარების კუთხით. ამაში ადგილობრივი ხელისუფლებაც გვეხმარება და მათთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს. ამ პროექტშიც არანაირი იდეები არ მოდის ბრიუსელიდან და თბილისიდან. ყველაფერი მოდის ქვემოდან და ამაში ჩართულია ბევრი ახალგაზრდა ჩართული''.
საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი უფლებამოსილების განხორციელებას ერთი თვის წინ შეუდგა. კარლ ჰარცელი თბილისის შემდეგ, პირველად ბათუმს ეწვია.