ამ დრომდე არ ეძლევათ შესაძლებლობა ფერმერებს, რომ ციტრუსის მოსავალი დააზღვიონ. ''მთავარის'' გადამღები ჯგუფი რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, სადაც გვითხრეს, რომ სადაზღვევო კომპანიებს წელს აგროდაზღვევა მათთვის არ შეუთავაზებიათ. მათი ნაწილი ჩვენთან გასული წლის შედეგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით უკმაყოფილოა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ კომპანიებთან მოლაპარაკება დასრულებულია, თუმცა ჯერი ახლა მთავრობაზეა, რომელმაც მიღწეული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს. ნარინჯისფერი რთველი კი ამის პარალელურად აქტიურ ფაზაში შედის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ციტრუსის დაზღვევას წელს ფერმერები მოასწრებენ.