სამსახურის მაძიებლები დღეს ბათუმში პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ. “ჩვენ გეძებთ შენ“ - ამ სლოგანით ფესტივალში 20-მდე დამსაქმებელი მონაწილეობდა. ვაკანსიები ძირითადად მომსახურების სფეროსა და საბანკო სექტორში იყო. მსურველებს გასაუბრება არაფორმალურ გარემოში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდათ.
პროექტის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა. ბათუმამდე მსგავსი ღონისძიება 3 ქალაქში ჩატარდა. “ბათუმი ჯობსის“ ფარგლებში ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა - გაყიდვაც გაიმართა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტის პროგრამაში იყო კონცერტიც. დასაქმების ფესტივალის ორგანიზატორი studentjob.ge და HR hub - ია, მხარდამჭერი კი ბათუმის მერია.