ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას - პარლამენტის თავმჯდომარე მარიხუანას კანონპროექტზე

20 სექტემბერი 2018, 00:00 2034 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარიხუანას კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის კანონპროექტის გადადების შესახებ დაწერა. კობახიძე ამბობს, რომ ის უსმენს საზოგადოებას და ეკლესიას, ამიტომ გადადო "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის განხილვა და შესაძლოა კანონპროექტი გაიწვიონ კიდეც.  

"ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა.

ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე" - წერს ფეისბუქის გვერდზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა, საკუთარ თანაპარტიელებს კი დისკუსიის შეწყვეტა სთხოვა მარიხუანას საკითხზე. 

"სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას".

წერილის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქის მიმართ "უდიდეს პატივისცემას გამოხატავს, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალული სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ" - წერს კობახიძე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი