ყოფილი ''ლეოგრანდის'' მხოლოდ 5 სართული გაიხსნა

10 სექტემბერი 2018, 00:00 3387 ნახვა

25 დღიანი პაუზის შემდეგ, სასტუმრო ''ველმონდი'', ყოფილი ''ლეოგრანდი''  მუშაობას იწყებს. 

აკრძალვა შენობის მხოლოდ პირველ ხუთ სართულზე მოიხსნა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მენეჯმენტს უფლება მიეცა სტუმრები 5 სართულზე განათავსოს. სხვა სართულები კი ამ ეტაპზე ისევ დალუქულია. 

7 სექტემბერს ბათუმში სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობა შეამოწმეს და ფუნქციონირების ნებართვა გასცეს. 

''მთლიანად სასტუმრო არ გახსნილა, გაიხსნა მხოლოდ პირველი ხუთი სართული, ამ დროის განმავლობაში ჩაატარეს სამუშაოები. პარასკევს სპეციალისტები ჩავიდნენ შეამოწმეს და გახსნის უფლება მისცეს. კრიტიკული პრობლემები, რის გამოც სასტუმრო დაიკეტა მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა, სადაც მოგვარებულია ის ნაწილი გაიხსნა. არ აქვთ უფლება ​მეხუთე სართულის ზემოთ სტუმარი მიიღონ'' - უთხრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სასტუმრო და კაზინო „ველმონდი,“ ყოფილი „ლეოგრანდი“ 17 აგვისტოს 18 საათზე დაიხურა და დაილუქა. ადმინისტრაციამ მუშაობა შეწყვიტა და სასტუმროდან ყველა სტუმარი გაიყვანა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა იყო, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა დამონტაჟებულიყო.  

დალუქვიდან სამ დღეში სამორინემ ფუნქციონირება განაახლა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. 

ამავე კატეგორიაში