საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას მარიხუანას მოხმარება დაისჯება - შსს

05 სექტემბერი 2018, 00:00 12902 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების, განსაკუთრებით მოზარდების დასაცავად,  საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. 

უწყებაში განმარტავენ, რომ მარიხუანას მოხმარება მკაცრად გაკონტროლდება. მისი მოხმარება დასჯადი იქნება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;

ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

არასრულწლოვნის თანდასწრებით;

სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

განცხადებაში ასევე წერია, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯება პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართავს.  ასევე, არასრულწლოვნისთვის მარიხუანას გადაცემა ან მის მოხმარებაზე დაყოლიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ.

''აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა - პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა დაიცვას მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მათ შორის დაიცვას საზოგადოება მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან იმ დასაშვებ ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია და მის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას'' - წერია განცხადებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის სანქციები გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.  

ამავე კატეგორიაში