წერილი, რომელიც ჯონ მაკკეინმა ამერიკელ ხალხს დაუტოვა - ამერიკელი სენატორის გარდაცვალებამდე დაწერილი მიმართვა გაავრცელა დღეს ტელეკომპანია „ენბისიმ.“ მაკკეინი მადლობას უხდის ხალხს, რომ ჰქონდა პატივი ყოფილიყო მათ სამსახურში. „მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის“, - დაწერა მაკკეინმა.
სენატორის წერილში არც ერთხელ არაა მოხსენიებული აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ძირითადად, ეჭვქვეშ თეთრი სახლის მიგრაციის პოლიტიკის სისწორეა დაყენებული. ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი კი ხვალ და ზეგ არიზონის შტატის კაპიტოლიუმში გაიმართება.