წლების წინ აჭარიდან ეკომიგრანტი ოჯახების წალკაში დასახლება დაიწყო. სახლებში სადაცა ადრე ბერძენი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა. ეკომიგრანტები „მთავართან“ ყვებიან, რომ წლების წინ ხელისუფლება ბერძენი ეროვნების მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლების შესყიდვას დაჰპირდა, მაგრამ პირობა დღემდე არ შესრულებულა. ახლა კი საბერძნეთიდან დაბრუნებული სახლების მეპატრონეები ეკომიგრანტებისგან საცხოვრებლების დაცლას ითხოვენ.
ხარების მცხოვრებლები ხელისუფლებას მიწების საკუთრებაში გადაცემას, სახლების შესასყიდი თანხების გამოყოფას და დაბალპროცენტიანი სესხების მიღებაში დახმარებას სთხოვენ. როგორც „მთავარს“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეკომიგრანტთა პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან სპეციალური თანხები აქვთ მობილიზებული.