მთავრობის სხდომების დახურვა ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას - ეს არის განცხადება რომელიც დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა. ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ხელისუფლების საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვს საქართველოს მთავრობას, რომლის სხდომებიც დახურულია. აღნიშნულმა პრაქტიკამ ჟურნალისტების მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა.
აღსანიშნავია, რომ მედიის მთავრობის სხდომაზე დასწრება არც ერთ არსებულ კანონს არ ეწინააღმდეგება - პირიქით, აწესებს ხელისუფლების გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.“ გამჭვირვალობაში ასევე აღნიშნავენ რომ „მთავრობის სხდომების დახურულობის პრეცენდენტმა შეიძლება ცუდი პრაქტიკა შექმნას და გამჭვირვალობისკენ წაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობებიც, რაც, გარკვეულ წილად, ხდება კიდეც.“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებისთვის პირველივე სხდომა, 31 ივლისს დახურა, გადაწყვეტილება კი რეგლამენტით ახსნა. მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს რომ დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძე კომენტარს ხვალ გააკეთებს.