მაშველები მდინარე ჭოროხში 60 წლამდე კაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ძიება დილით განახლდება.
როგორც დაკარგული კაცის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვებიან, სოფელ შარაბიძეების მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა, წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს.
15-მდე მაშველი და მყვინთავი 60 წლამდე კაცს ჭოროხსა და შავი ზღვის იმ ნაწილში ეძებდნენ, სადაც მდინარე ზღვას უერთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.