“რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია ხალხთან”-ეს წინამორბედის რჩევაა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის. თავად ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ იგი “ქართული ოცნების” გუნდში რჩება და თორნიკე რიჟვაძეს დახმარებასაც გაუწევს, თუმცა რა რანგში და პოზიციიდან ამაზე რეგიონის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.
ამბობს, რომ მისი ახალი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. ვიდრე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად ჩაიბარებდა რეგიონის პირველი პირის პოსტს მან ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა. აუდიენციაზე დახურულ კარს მიღმა მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.