ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭებულია - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა ისაუბრა. ხვიჩა გამარჯობაძე ამბობს, რომ ოჯახები შემოსავლის გარეშე რჩებიან, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სოფელში თითქმის ყველა მოსახლეს თხილის პლანტაცია აქვს.
მოქალაქეები ყვებიან, რომ მიმდინარე წელს ხეებს უცნაური დაავადებები დაემართა, რამაც თხილის გულის სიდამპლე გამოიწვია. ისინი დახმარებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ. ირწმუნებიან, რომ თხილის მოვლისთვის კრედიტებიც გამოიტანეს, გაფუჭებული მოსავლის რეალიზაციას კი წელს ვერ შეძლებენ და შესაბამისად დავალიანების გადახდაც გაუჭირდებათ.
''თხილის მოსავლის 80% გაფუჭებულია, ჯერ ფაროსანას ''შედეგი'' არ არის, ისე არის მოსავალზე მოდებული მწერი, იმ დარჩენილ 20%-აც ფაროსანა გაანადგურებს. რაღაც ახალი დაავადებებია, რამაც თხილის გულის სიდამპლე და სიშავე გამოიწვია. კრედიტები გვაქვს თხილის მოვლისთვის გამოტანილი, მაგის იმედზე იყო გლეხობა და ფერმერობა. სამინისტროში ამხელა ბიუჯეტია, მოვიდნენ და გვითხრან რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ერთობლივი ძალებით რომ ვებრძოლოთ და სამომავლოდ მაინც გადავარჩინოთ თხილის კულტურა. სხვა ჩვენ არაფერი გვაქვს, არც მანდარინი. იქნებ კომპენსაცია მოგვცენ, ჯერ არავინ მოსულა ამბის მოსაკითხად'' - ამბობს ხვიჩა გამარჯობაძე.
სოფელ წყავროკის მკვიდრების თქმით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით ნარგავები ორჯერ შეწამლეს, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს.
''ფაროსანას პროგრამული შეწამვლა ჩატარდა ორჯერ, მაგრამ შედეგი არაა, ეს ფაროსანა კვლავ არის, მგონი უფრო გამრავლდა. მწერი ახლა იწყებს მოქმედებას. რამდენჯერ მივმართეთ აგროცენტრებს, ვთხოვდით დახმარებას, ვეკითხებოდით რა შხამქიმიკატებით უნდა შეგვეწამლა ხეები, მოსავალი რომ არ გაფუჭებულიყო. სინჯებიც ჩაჰქონდა ხალხს, საბოლოოდ მაინც ვერ გვეუბნებიან რასთან გვაქვს საქმე, საკითხი მარჩიელობის დონეზეა''.
ადგილობრივები პროცესებში სპეციალისტები ჩართვას ითხოვენ და სიტუაცია ადგილზე შეისწავლონ. ყვებიან, რომ გასულ სეზონზე შედარებით უკეთესი ვითარება იყო.
''წავროკის ცენტრში შევიკრიბებით, ხელისუფლებას მივმართავთ, იქნებ სესხების გადავადებაში დაგვეხმარონ. ფორსმაჟორი მაინც და მაინც ომი უნდა მოხდეს, 100% მოსავალი დაზიანებულია, რაღაც ხომ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ'' - ამბობს აჭარის მაუწყებელთან ხვიჩა გამარჯობაძე.
აქცია დღეს 17 საათზე და 15 წუთზეა ჩანიშნული.
''საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში და მათ შორის აჭარაში, მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის თხილის ნაყოფის ბაქტერიული სიდამპლე'' - აცხადებენ რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ მოსავალს ასევე აზიური ფაროსანა და სხვა დაავადებებიც აზიანებს.
სპეციალისტები გამოსავალს სისტემატურ წამლობით ღონისძიებაში ხედავენ. ამბობენ, რომ უწყება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, ეს არის შესაწამლი აპარატებით ფერმერების მომარაგება და სწავლების კურსები, რომელიც სოფლებში ტარდება.
''21 ცალი აპარატი უკვე გაცემულია. ეს პატარა ციფრი არ არის, იმიტომ, რომ დიდი წარმადობის მქონე შემასხურებელია. ის საკმაოდ დიდ ფართობს ამუშავებს. აპარატურას სამინისტრო 80 % თანადაფინანსებით გასცემს. ვურჩევთ, წამლობითი ღონისძიების გატარება ადრე გაზაფხულიდან დაიწყონ. ნებისმიერ ფერმერს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და რჩევებიც მიიღონ. ექსტენციის პროგრამაც ხორციელდება, მხოლოდ წყავროკაში 4 მეცადინეობა ჩატარდა. შეხვედრებზე ზუსტად ამაზე საუბრობენ, როგორ დაიცვან მცენარეები. უნდა მივიდნენ მოუსმინონ, აქტიურად ჩაერთონ. ჩვენ გვესმის მათი. როცა მოსავალი დაავადებების გამო ასე ნადგურდება, ეს ცუდი შემთხვევაა'' - განაცხადა მაუწყებელთან ჯიმშერ დიასამიძემ.
სამინისტროში ამბობენ, რომ სოფელ წყავროკაში სწავლელები ჩატარდა, რომელსაც მოქალაქეები ესწრებოდნენ, ამის დამადასტურებელი ოქმებიც არის. მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ მათთან არავინ მისულა.