ეთერ მაჭუტაძე თანამდებობას ტოვებს

12 ივლისი 2018, 00:00 2551 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებს,  - ამის შესახებ ინფორმაცია TV 25-მა გაავრცელა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერ მაჭუტაძეს დაუკავშირდა. ზღვისპირა პარკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის დამტკიცების შემდეგ, ის თანამდებობიდან ავტომატურად გათავისუფლდება, აღნიშნულ პოზიციაზე კი კონკურსი გამოცხადდება. მაჭუტაძე პროცესებში მონაწილეობას არ გეგმავს. ამბობს რომ დროებით დაისვენებს, შემდეგ კი კერძო სექტორიდან შემოთავაზებას დაელოდება. 

''როგორც კი ახალი თავმჯდომარე დაინიშნება, დებულების თანახმად ხელმძღვანელობა თავისუფლდება, მე ვთავისუფლდები... შემდეგ ხელმძღვანელის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. გამოცხადდება კონკურსი, როგორც დირექტორის, ასევე მოადგილეების პოზიციებზე. წლის ბოლოს მაინც ვაპირებდი წასვლას, აქედან გამომდინარე ახლა დავტოვებ თანამდებობას, თუ ცოტა უფრო მოგვიანებით მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ დავისვენებ და მერე კერძო სექტორში გამოვნახავ სამუშაოს, თუ ვინმეს დავჭირდები. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ მაქვს სად წავალ. 29 წელია ვმუშაობ, ბოლო 12 წელია დირექტორის პოზიციებზე. იყო წლები შვებულებითაც არ მისარგებლია, უნდა მივცე საკუთა თავს დასვენების საშუალება. არ არის გასაკვირი, როცა იღლება ადამიანი ტოვებს თანამდებობას'' - განაცხადა ეთერ მაჭუტაძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გზას ახალგაზრდა კადრებს უთმობს. 

'' ბულვარში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე და ერთი აგური დავდე. ახლა დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ, უფრო  აქტიურები და კრეატიულები  არიან. უკეთესად წარმართავენ ქვეყნას და ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს''.

ეთერ მაჭუტაძე, ბათუმი ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორად 2017 წლის 10 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი ბათუმის მერიის ''გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების'' სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ამავე კატეგორიაში