საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს. ყველა სამაშველო კოშკურაზე დღეს წითელი ალამია აღმართული, ზღვაზე შტორმია და ბანაობა აკრძალულია.
''დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო 5 საათის განმავლობაში, საშტორმო ვითარებაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში სანაპირო კურორტებზე გრილი ამინდია მოსალოდნელი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი კვლავ უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.