ხელოვნების უნივერსიტეტის უკან, ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებული ტერიტორია წლებია შემოღობილია. ქალაქის ცენტრში საკმაოდ დიდი მოცულობის მიწას, რეკრეაციულის სტატუსი აქვს. ტერიტორია გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში შემოიღობა და მას შემდეგ უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქ საჯარო სივრცე და პარკი იქნება. ფაქტია, საჯარო სივრცის მოწყობას მერიაში არ ჩქარობენ.
ოფიციალური განცხადებების მიღმა, ამ ტერიტორიით დაინტერესებული იყვნენ კერძო სამშენებლო კომპანიები. სხვადასხვა დროს იყო საუბარი, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში უმაღლესი საბჭო გადმოვიდოდა, რეკრეაციულ ზონაში კი საკანონმდებლო ორგანოს აპარატისთვის აიგებოდა შენობა, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი კი მიწისქვეშა პარკინგზე საუბრობდა, თუმცა არც ერთი ეს პროექტი არ შედგა.
პირველად ქალაქის მერმა, პარკის გაკეთების პირობა მაშინ დადო, როცა მომიჯნავედ არსებული რეკრეაციული ზონა გაასხვისა და იქ კორპუსი ჩაიდგა. (ასათიანის და ჭავჭავაძის კვეთა).
ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის მოხსნის შესახებ 2018 წლის თებერვალში, ოპოზიციაც გამოვიდა. ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ კარგი იქნება ტერიტორია პარკინგისთვის გამოეყენებინათ.
ბათუმის მერიაში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დღესაც უთხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე პარკი უნდა გაშენდეს. ვადები ვერც ახლა დააკონკრეტეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით, კორეის საელჩოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარკის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მერიის ინფორმაციით, კორეის საელჩოში დაფინანსების მოთხოვნა 1 წლის წინ გააგზავნეს. ერთი წლის შემდეგ განახლდა უწყებასთან მოლაპარაკებები.
მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როგორი პარკის დაფინანსებაზე მოითხოვეს თანხები, რამდენი და როდის შეიძლება იყოს პასუხი.
ბოლო პერიოდში, აქტიური მშენებლობის გამო რეკრეაციული ზონების რაოდენობა შემცირდა. ახლადაშენებული კორპუსების ეზოების დიდ ნაწილში მწვანე ზოლი საერთოდ არ არის.