აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

29 მაისი 2018, 00:00 1313 ნახვა

დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. შეკრების ადგილი თბილისია, მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. როგორც აფგან მუხთარლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა, მისი თქმით, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. საპარლამენტო უმცირესობა ფიქრობს, რომ პარლამენტში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ისინი ამ ეტაპზე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. შეგახსენებთ, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ, არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 35 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, რომელიც მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს შეისწავლის. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მომხდარის არაეფექტური გამოძიება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. 

ამავე კატეგორიაში