2 ექიმს კვალიფიკაცია გაუუქმდა - დადგება თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საქმე? 

15 მაისი 2018, 00:00 3229 ნახვა

თემურ გაბაიძის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე წელიწადზე მეტია აწარმოებს.  სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კი უკვე დადო დასკვნა და გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო შპს „უნიმედი აჭარას“ რეფერალური საავადმყოფოს ორ ექიმს, გიორგი კავთელაძესა და მაია მამისაიშვილს  სახელმწიფო სერტიფიკატები ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიაში გაუუქმდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვერ იმუშავებენ.

შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს, ხათუნა გელაშვილს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით შეუჩერდა და კვალიფიკაციის კურსის გავლა დაევალა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რომ ამ ე.წ. ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს" - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის მეუღლე. 

"ზუსტად 487 დღე გავიდა, 487! 

შედეგი: 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სამი თვის ვადით და დაევალა კვალიფიკაციის კურსის გავლა. 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რომ ამ ეგრეთ წოდებული ექიმების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს!"

ოჯახი, იმ პირის გარდა, ვინც სათხილამურო ტრასაზე თემურ გაბაიძეს დაეჯახა, შსს-ში ექიმებსაც ედავება და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. 

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გადაწყვეტილებაში წერია: 

„თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამოდენიმე წუთით, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის არეში, ღია ჭრილობა შუბლზე მარცხნივ და ძლიერი გულისრევა, რაც გრძელდებოდა სამედიცინო პუნქტში თემურ გაბაიძის მოთავსების სრული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული სიმპტომები ექიმის მიერ მყისიერად არ შეფასდა, როგორც კრიტიკული. ექიმმა გადაწყვიტა პაციენტი დაეტოვებინა კურორტის სამედიცინო პუნქტში დაკვირვების ქვეშ და მანამ არ მიიღო მისი დაუყოვნებელი ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება, სანამ თემურ გაბაიძეს არ დაეწყო ცნობიერების დაბინდვა. ზემოაღნიშნულის გამო დაიკარგა თემურ გაბაიძის გადარჩენისათვის საჭირო ძვირფასი დრო. კერძოდ, თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა 2017 წლის 01 იანვრის 14:10 საათზე და მისი ტრანსპორტირება კურორტის სასწრაფო დახმარების მანქანით დაიწყო 17:10 საათზე, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს კი, რაც გამოხატული იყო შესაბამისი სიმპტომატიკით პირველივე წუთებიდანვე, ყოველ წუთს აქვს სიცოცხლის გადარჩენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც დადასტურდა პაციენტის გარდაცვალების ფაქტით და რაც მიუთითებს იმაზე რომ პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების ნაცვლად მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო.

პაციენტის გადაყვანა დაბა ხულოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი სათანადო აპარატურით (მაგალითად, ჟანგბადის ბალონით) და არ იყო მორგებული ავადმყოფის საჭიროებებზე. ხშირად გვიხდებოდა შეჩერება ე. წ. „საკაცის“ გასასწორებლად. მთელი გზის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ე.წ. „საკაცის“ ერთ ადგილას ფიქსაცია, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის თოვლის საფარიდან გათავისუფლებას დასჭირდა 40 წუთზე მეტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი არ იყო მუდმივ მზადყოფნაში და გულგრილად ეკიდებოდა თავიანთ მოვალეობები'' - წერია დოკუმენტში. 

თემურ გაბაიძე გასულ წელს, კუროტგოდერძიზე“ დაშავდა.  რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი