მერია კანონის დამრღვევს არ აჯარიმებს - ბულვარში ქართული ოდის მშენებლობა ნებართვის გარეშე გრძელდება 

09 მაისი 2018, 00:00 2531 ნახვა

ბათუმის მერიაში, მხოლოდ წერილობით გვეუბნებიან, რომ ამ დრომდე ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ და კომპანიის წარმომადგენლები მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, შეეჩერებინათ მშენებლობა. სხვა განმარტებებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე არ აკეთებს. 

გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.  

გია დიასამიძე, რომელიც აღნიშნულ მშენებლობას აწარმოებს, ამბობს, რომ ტერიტორია  ეკონომიკის სამინისტროსგან იჯარით აიღო, პროექტი მერიაში შეიტანა.  თუმცა ორი თვე ვერ დაელოდებოდა მერიისგან ნებართვას, რადგან ობიექტმა მუშაობა სეზონზე უნდა დაიწყოს. 

ობიექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს სახურავის კრამიტით დაფარვა. 

რატომ არ აჯარიმებს მერია კანონის დამრღვევს? არის თუ არა ეს მესიჯი სხვა ბიზნესმენებისთვის, რომ სიტყვიერი შეთანხმების ან მის გარეშე შეუძლია კანონზე მაღლა დადგეს და ქალაქში  მშენებლობა ნებართვების გარეშე დაიწყოს? 

მაუწყებლის ამ კითხვებს არ პასუხობენ ბათუმის მერიაში, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი კი ამბობს, რომ ეს ტენდენცია აზარალებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, საზოგადოებას კი კანონის უპატივცემულობისკენ უბიძგებს.  

"ეს სიტუაცია ტოვებს კორუფციული სქემის ელემენტების შთაბეჭდილებას, რომელიც თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს, არა მხოლოდ ფინანსურ გარიგებას, არამედ შეთანხმებას ნაცნობობით, გავლენით და ა.შ. სხვა რა შეიძლება უწოდო ამ ფაქტს? ჩვეულებრივ მოქალაქეს სხვა შთაბეჭდილება შეუძლებელია შეექმნას. კანონმორჩილი მოქალაქე დარბის ნებართვაზე, თუ რაღაც დაარღვია, აჯარიმებენ სოლიდური სანქციებით და უცებ ხედავს, რომ ბულვარში, სანაპიროზე, ვიღაცა ძალიან მარტივად, თავს არ იწუხებს კანონი დაიცვას, აშენებს შენობას. ბუნებრივია, ასეთი ქმედებები, როცა მოქალაქეს აქვს მოლოდინი, რომ კანონის დამრღვევი დაისჯება და ეს არ ხდება, ქმნის ნეგატიურ განწყობებს, შლის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საზოგადოების დამოკიდებულებას კანონის მიმართ" - ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი