ფოტო: ჯენი კვანტალიანი
ბათუმის პორტში, ღია ცის ქვეშ, აზოტისა და დაუმუშავებელი გოგირდის გადატვირთვა და დასაწყობება მიმდინარეობს. რამდენიმე დღეა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელსა და ბათუმის ქუჩებში პლაკატები და ვიდეორგოლი გამოჩნდა წარწერით - ''ბათუმზე ქიმიური შეტევა ხორციელდება''.
პლაკატებს, რომელთა გაკვრის ინიციატორი, ჯერჯერობით, დაუდგენელია, ახლავს ტექსტი იმის შესახებ, რომ პორტში, ნივთიერებების გადამუშავებისას წარმოიქმნება მტვერი და მისი ჰაერში გაბნევა აზიანებს ადამიანის ორგანიზმს და მავნე შედეგებს იწვევს ეკოსისტემისთვის.
ფეისბუქში შექმნილია გვერდიც - „ქიმიური შეტევა ბათუმზე.“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მიმართვის საფუძველზე, არაგეგმურად დაიწყო პორტის შემოწმება.
უწყების ინფორმაციით, მათთანაც შევიდა შეტყობინება ნავსადგურში სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთის გადაზიდვისა და გარკვეული სახის ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ნატო დავითაძე ამბობს, რომ რამდენიმე შეტყობინება მიიღეს, მათ შორის საქართველოს პარლამენტიდანაც.
„ვინაიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გააჩნია გარემოზე ზედამხედველობის ნებართვა, დავიწყეთ არაგეგმური შემოწმება. ნებართვა გაცემულია გარკვეული ტვირთების დამუშავებაზე, რაც გულისხმობს მიღებას, სათანადოდ დასაწყობებას და გატანას“ - ამბობს ნატო დავითაძე.
მისი ინფორმაციით, მოწმდება დაცულია თუ არა ნებართვით გათვალისწინებული პირობები და სრულდება თუ არა დადგენილი ნორმები. „შემოწმების დასრულებამდე შეუძლებელია პასუხის გაცემა, თუ რა და როგორ ხდება ბათუმის პორტში“ - განაცხადა ნატო დავითაძემ.
ფოტო: რადიო თავისუფლება