პარლამენტი ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების" შესახებ მსჯელობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს. პირველი მოსმენით ცვლილებები უკვე მიღებულია. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში შედის. აგრეთვე კოდექსს ემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით. პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.