აშშ-ს სენატის მიმართვა

08 ივლისი 2016, 00:00 2351 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია, რომელიც ვარშავის სამიტს და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება. სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია "საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, ასევე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა". რეზოლუციაში ხაზგასმულია "ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის" მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს "ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის" როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნათქვამია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა. რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. 

ამავე კატეგორიაში