"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ბათუმის საკრებულოს, კოლეგა დეპუტატების ცემის ფაქტის დაგმობას და განცხადების გაკეთებას სთხოვენ.
მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ 3 დღის წინ, ციხისძირში, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ასწლოვანი ხის გადატანის დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთა შორის ბათუმისა და ქობულეთის დეპუტატებიც იყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტი კი განცხადების დონეზეც არ დაუგმია ბათუმის საკრებულოს.
"ეს მინიმუმ უხერხულია, მაქსიმუმ კი უპატივცემულობა. კოლეგები სცემეს და ამაზე რეაქცია როგორ არ უნდა გქონდეს?" - ამბობს მირდატ ქამადაძე.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობამ", ბათუმის საკრებულოში დღეს ოფიციალურად დაარეგისტრირა მოთხოვნა, მომდევნო საკრებულოს სხდომაზე ფაქტთან დაკავშირებით იმსჯელონ და განცხადება გაავრცელონ.
ინციდენტი, 30 აპრილს, გამთენისას მოხდა. ციხისძირში, ხის გადატანის გამო, ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო. ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ისინი "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს, მათ შორის იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.