„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია ითხოვს, გუშინ, გვიან ღამით, ასწლოვანი ხის გადატანის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, ქობულეთის საკრებულოს წევრ ზაზა შავიშვილს, გამოძიების დასრულებამდე, მანდატი შეუჩერონ. განცხადება ბრიფინგზე " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს.
მირდატ ქამადაძის თქმით, გუშინ, გვიან ღამით, პარტიის წევრები, რომლებიც ხის გადატანას აპროტესტებდნენ, ჯგუფურად სცემეს. ბათუმის საკრებულოს წევრმა ინცინდენტის ორგანიზებაში ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა დაადანაშაულა. "ქობულეთში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის გადატანისას პარტიის წევრებს ძმები შავიშვილების ზონდერები თავს დაესხნენ, ისინი წარსულში ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ. „ნაციონალური მოძრაობის წევრებს, 10 პოლიციელის თვალწინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. უმოქმედო პოლიციიის მთავარი საზრუნავი ხის ადგილამდე მიტანა და არა მოქალაქეების დაცვა იყო", - აცხადებს ქამადაძე.
ბათუმის საკრებულოს წევრის განცხადებით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები ჩამოიშალა, ისინი ივანიშვილის სამსახურში არიან გადასულები. "ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. კრიმინალებს აქვთ მესიჯი, რომ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი დანაშაულისთვის არ დაისჯებიან. სწორედ ამან მისცა ძმებ შავიშვილებს იმის საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკურად გასწორებოდნენ ", - განაცხადეს ბრიფინგზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთ შავიშვილს ტავდასხმისას იარაღიც ჰქონდა. მოითხოვენ, ქობულეთის საკრებულოს წევრ ვაჟა შავიშვილის, გამოძიების დასრულებამდე, უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეუწყდეს, ასევე, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყოს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და არა ძალადობას. 118-ე მუხლი გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.
ამ დრომდე ოფიციალური განცხადება დეპუტატ ვაჟა შავიშვილს არ გაუკეთებია. მას მობილური ტელეფონის ნომერი გამორთული აქვს, რომელიც ქობულეთის საკრებულოს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.