ევროკავშირი საქართველოში ადამიანთა უფლებების სფეროში წინსვლას აღნიშნავს

28 აპრილი 2018, 00:00 1555 ნახვა

ევროკავშირმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელების გაგრძელებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად.

„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე წლის თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი დაინტერესდა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და მოუწოდა, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ,,სტამბოლის კონვენციით“ განსაზღვრულ ვალდებულებებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი