‘’ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება

26 აპრილი 2018, 00:00 3638 ნახვა

პარტია ‘’ქართული ოცნება- - დემოკრატიული საქართველოს'’ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ამ შეთავაზებას დღეს დათანხმდა. 

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

პრემიერი განმარტებით, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.  

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს. მან თანამდებობა დღეს დატოვა. 

ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ''ქართული ოცნების'' არაფორმალური მმართველი იყო. არაფორმალურ მმართველობაზე იყო ასევე საუბარი, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში