საქართველოს პრეზიდენტი ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების გამო, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. პრეზიდენტის მიერ ბრალდებულის ამნისტიის ფაქტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც მოხვდა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთი ოპონენტის, ვანო ზარდიაშვილის მოსაზრებაზეც კითხეს, რომელმაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულების მხრიდან ახალი ''სიურპრიზები" დააანონსა.
" პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, რომ პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, თუმცა სიურპრიზი უწოდო და აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და ეს პოლიტიკურ თამაშში გაურიო, დაგვიანონსო უფრო მძიმე სურპრიზები, სცდება ადამიანის ღირებულებით განცდას. სიურპრიზი გეგონოს, რამაც ასე შეგვძრა ყველა" - განაცხადა მარგველაშილმა.
პრეზიდენემა ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ესმის, უწყება თუ რატომ ცდილობს აქცენტის გადატანას.
"მძიმე მდგომარეობაშია შს სამინისტროც, მათ აქვთ მცდელობა, რომ შეწყალების პროცესზე გადაიტანონ აქცენტი, რადგან მათ წინაშე რთული კითხვებია. ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებში შსს კარგად მუშაობს, მე რამდენიმე თანამშრომელი დავაჯილდოვე კიდეც ამ მიმართულებით, თუმცა 2014 წელს, მოძალადე, ოჯახში ფიზიკური ძალადობის მიუხედავად არ დაუკავებია უწყებას და მის წინააღმდეგ, მხოლოდ შემაკავებელი ორდენი გამოიწერა. მხოლოდ 4 თვის შემდეგ დააკავეს იგი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ამიტომ აქაც არის კითხვები" - განაცხადა პრეზიდენტმა.