არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა 7 საათის განმავლობაში უტარდებოდა 

21 მარტი 2018, 00:00 2727 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ცხედარს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა, შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.

ადგილზე  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ ცხედრის ვერც გარეგან და ვერც შინაგან დაზიანებაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ. ''ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოკვლევა დასრულებულია. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო, იმისათვის, რომ დაიდოს კვალიფიციური პასუხები. ეს აუცილებლად მოხდება.  ექსპერტიზის პარალელურად დაწყებულია საგამოძიებო საქმიანობა. უნდა დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი კი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი