“თქვენ იმ ხის ნაყოფი ხართ, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის სახალხო დამცველი” - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უმცირესობის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს უწყებების ხელმძღვანელებთან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდა, დაინტერესდა რატომ არ გაითვალისწინეს შესაბამისმა ადრესატმა უწყებებმა ომბუდსმენის ყველა რეკომენდაცია. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მას რეგლამენტით გათვალისწინებული დროის დაცვა მოსთხოვა, ასევე განაცხადა რომ მთავრობა არაა ვალდებული სახალხო დამცველი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.