ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის გადმოსვენებისთვის ოჯახმა სამინისტროს ორი დღე მისცა

27 თებერვალი 2018, 00:00 1856 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიშალონ და ცენტრალური მაგისტრალი გახსნან. ამის შესახებ გარდაცვლილის მამამ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ  შეხვდა გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი მცხეთის მიმდებარე ტერიტორიას უკვე ტოვებს.

გზა ტატუნაშვილის ნათესავებმა ორი საათის წინ გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.  გზისკენ დაძრულ აქციის წევრებს, რომლებიც  გარდაცვლილის გადმოსვენებას სასწრაფოდ ითხოვდნენ, გზა პოლიციის კორდონმა გადაუკეტა. გარდაცვლილის ახლობლებმა და ნათესავებმა კორდონის გარღვევა სცადეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე  22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი