20 მილიონამდე დოლარი  საცურაო  აუზისა  და  ყინულის მოედნის ასაშენებლად 

09 თებერვალი 2018, 00:00 3709 ნახვა

აჭარის მთავრობა, კონკრეტულად კი შპს “სტადიონი” ყინულის არენისა და საცურაო აუზის მოწყობისთვის 20 მილიონამდე დოლარს დახარჯავს. სახელმწიფო კომპანია, არ აპირებს ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს მომსახურების პირდაპირი შესყიდვის უფლება მისცეს.

სამთავრობო კომისიამ უკვე შეარჩია კანადური კომპანია “"Westincor Limited".” წერილში რომელიც “სტადიონმა” შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ვადებში შეზღუდული არიან და ტენდერის გამოცხადება პროცესს შეაფერხებს. ამასთან, “მშენებლობა დაკავშირებულია სოლიდური ფინანსური რესურსების ხარჯვასთან, რაც ამ ეტაპისათვის აჭარის მთავრობას არ გააჩნია და მშენებლობის ღირებულება ეტაპობრივად დაიფარება: 20%-ი მშენებლობის ვადაში 80%-ი კი მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში” – ნათქვამია წერილში.

1500 ადგილზე გათვლილი ყინულის არენა და 1000 ადგილზე გათვლილი საცურაო აუზი აჭარაში, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის უნდა აშენდეს. ინფორმაცია ახალი ამბების პორტალმა – ON.ge-მ გაავრცელა.

რატომ ვერ მოხერხდა სამი წლის წინ დაგეგმილი ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა აქამდე და რატომ გახდა აუცილებელი დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღება.
როგორც მთავრობაში განმარტეს, "მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასამართად ორდარბაზიანი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ გაიზარდა ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებისა და მონაწილეთა რაოდენობა, ფიდეს მოთხოვნით საჭირო გახდა სპორტის სასახლის მახლობლად დამატებითი ფართის აშენება, რათა არ მომხდარიყო ოლიმპიადის მიმდინარე პროცესის გახლეჩა. 
ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის არსებული ყინულის სასახლე უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და გაზრდილ ინტერესს სპორტის ამ სახეობების მიმართ, ხოლო ქალაქს უკვე ათწლეულებია არა აქვს საცურაო აუზი. მათი გვერდიგვერდ განთავსება კი ზიარი ინფრასტრუქტურის გამოყენების ხარჯზე მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპლუატაციის დანახარჯებს."

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი