ბათუმში ზაფხულში ახალი მუნიციპალური ავტობუსები შემოვა. მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს ავტობუსები 6 თვის ვადაში მიაწოდოს. პირველ ეტაპზე ტენდერი დიზელის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტზე გამოცხადდება, შემდეგ კი ელექტრო ავტობუსებზე. ის 60 ადამიანზე იქნება გათვლილი და ძველთან შედარებით ხარჯს 50%-ით შეამცირებს.
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის’’ წარმომადგენელთა ცნობით, მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება და ის კვლავ 30 თეთრი იქნება.
ელექტრო ავტობუსები ძირითადად ‘’ბათუმი ცენტრალიდან’’ ‘’ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის’’ მიმართულებით იმოძრავებენ.
ქალაქის საავტობუსო პარკს 10 ელექტრო და 30-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, რისთვისაც 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა.
ბათუმის ავტოპარკი რამდენიმე წელია არ განახლებულა. ქალაქში მოძრავი ე.წ. ''ყვითელი ავტობუსები'' მწყობრიდანაა გამოსული. დაზიანებული სავარძლები, არ მუშაობს გათბობის სიტემა, აქვს გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს.
ახალი ავტობუსების შესაძენად ბიუჯეტიდან თანხა გასულ წელსაც გამოიყო, ბათუმის მერიას კი პარალელურად საგრანტო თანხები უნდა მოეძიებინა. გამოყოფილი ფინანსური რესურსი თვითმმართველობამ 2017 წელს ვერ აითვისა.