წარმატებულად შეაფასა ციტრუსის სეზონი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ავთანდილ მესხიძის განცხადებით, ნარინჯისფერი რთველი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო და 1 კგ მანდარინის საწყისი ღირებულება 60 თეთრს შეადგენდა.
მინისტრის თქმით, ქართული მანდარინი ექსპორტზე 10 ქვეყანაში გავიდა, აქედან ყატარსა და ლიტვაში პირველად, მოთხოვნა გაიზარდა პოლონეთიდანაც. უწყების ინფორმაციით, 2017-18 წლებში ექსპორტირებულია 23 ათას 565 ტონა სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავდა 8 ათას 320 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სეზონზე მოქმედებდა 30-მდე მიმღებ შემფუთავი და არასტანდარტული ციტრუსის 2 გადამამუშავებელი საწარმო. ციტრუსის სეზონი მინისტრმა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამა, რომელიც ყოველწლიურად ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ფუნქციონირებს.