არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ბათუმშიც გააპროტესტებენ

25 იანვარი 2018, 00:00 3103 ნახვა

დღეს, 25 იანვარს, 5 საათზე ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება. ბათუმელების ნაწილი თბილისში დაანონსებულ საპროტესტო აქციას ''ყველა ერთისთვის“  უერთდება. 

ბათუმის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რეჟისორი გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ  მთლიანად ეთანხმება "თეთრი ხმაურის მოძრაობის მოთხოვნებს" და "ბახალას" და წიქარიშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. 

"როგორც ბევრ, ასევე, ბახალას დაპატიმრების საქმეში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. უსუსურობის, უმწეობის განცდა  ამ ქვეყანას და ჩემს თაობას არ მოშორდა. მოსამართლეების, "ბიზნესმენების" თავგადასულობას, ცინიზმს, წერტილი არაფრით არ დაესვა და არც დაესმება სანამ ყველა ცუდად გადადგმულ ნაბიჯზე, საზოგადოების აქტიური მხარისგან არ იქნება მყისიერი და დაუნდობელი რეაქცია. ყოველდღიურად იცვლება ჩვენი და ჩვენი შვილების სასიცოცხლო გარემო ისე, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და თვალებში ნაცარს გვაყრიან. დამეხმარეთ აქციის დაგეგმვაში, ვაჩვენოთ ყველას რომ ეს ჩვენი და ჩვენი შვილების ქვეყანაა" - ამბობს გიორგი ქათამაძე.  

ბათუმში სპონტანურად შეკრებილი აქციის ორგანიზატორები  ითხოვენ: 

1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;

2. გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი; 3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;

4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. 5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.


"პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში - წერია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.  

"ვერ ვამბობ რომ ბათუმი პასიურია, როცა მახსენდება ბულვარის ამბები, თუმცა სხვა ყველა დიდმა მოვლენამ ბათუმელების აქტიურობის გარეშე ჩაიარა.  მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბათუმლები გამზადებულის გამოყენებას მივეჩვიეთ" - ამბობს ქათამაძე.  

ამავე კატეგორიაში