ბათუმსა და ქობულეთში, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აყვანილი, თურქეთის მოქალაქის საქმეს საქალაქო სასამართლოში განიხილავენ. პროცესზე ბრალდებულმა ქალმა თარჯიმნის აცილებას მოითხოვა. ფემბე ოზლემ ოლგული ირწმუნება, რომ სპეციალისტს შესაბამისი ცოდნა არ აქვს.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა კი განცხადა, რომ შორენა გოგიძე სერთიფიცირებული თარჯიმანია და მას საკმარისი კომპეტენცია აქვს.
მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე თარჯიმანი შეუძლოდ გახდა და თვითაცილება მოითხოვა. შორენა გოგიძე ირწმუნება, რომ მას ბრალდებული არ დამუქრებია. აცილება კი ემოციური ფონიდან გამომდინარე მოითხოვა. მისივე განმარტებით, რთულია მუშაობა, როდესაც ბრალდებულს თარჯიმნის კომპეტენციაში ეჭვი შეაქვს.
ამ წუთებში პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
სპეცოპერაცია ბათუმსა და ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.