''ოცნების ქალაქის'' დილემა - დაიბრუნებს თუ არა სახელმწიფო თვითნებურად მიტაცებულ ტერიტორიას

03 იანვარი 2018, 00:00 8914 ნახვა

ფოტო: European.ge

‘’ოცნების ქალაქთან’’ დაკავშირებით რეგიონის მთავრობა ახალი სტრატეგიით მუშაობას აპირებს. ზურაბ პატარაძეს იმედი აქვს, რომ ბიუჯეტში არსებული თანხებითა და სამინისტროებში არსებული პროგრამებით ოჯახების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

"სერიოზული ამბიცია და რწმენა მაქვს, რომ პრობლემას დავძლევთ. არ ვაპირებ კომისიის შექმნას კომისიისთვის,  უამრავი დასკვნა დევს. ეს  დროის დაკარგვაა. ვისაც ფართი ეკუთვნით, პროგრამაში ჩავრთოთ, კომპენსაცია ან უძრავი ქონება გადავცეთ. რაც შეეხება, იმ პირებს, რომლებიც პროგრამაში ვერ მოხვდებიან, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ბიზნესმენებთან  მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასევე ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს’’ - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მთავრობის თავმჯდომარე.

ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე აჭარის მაღალმთიანეთიდან ოჯახებმა  ჩასახლება 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ ხის სახლები ააშენეს, შემდეგ კი ხის ფიცრულების გვერდით ქვის ნაგებობებიც გაჩნდა.

დასახლებას ‘’ოცნების ქალაქი’’ დაარქვეს. 

წლების განმავლობაში ჩასახლებულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა. ეკომიგრანტების პარალელურად ე.წ ‘’ოცნების ქალაქში’’ ისეთი ოჯახებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის პრობლემა ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ე.წ. ‘’გასაყოფი ოჯახები’’, ასევე მარტოხელა დედები.

ტერიტორიაზე, სადაც ოჯახები უკვე 5 წელია ცხოვრობენ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის. ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ.

,,ოცნების ქალაქი” სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენჯერმე მოხვდა. ერთ-ერთი ბოლო 2017 წლის აპრილია. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო იმაზე, რომ თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობის შესწავლა „კარდაკარის“ მეთოდით არ მომხდარა. ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პრობლემის მოსაგვარებლად, რეკომენდაციით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც მიმართავდა.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 2015 წელს ‘’ოცნების ქალაქში’’ მცხოვრები ოჯახების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის შესწავლა დაასრულა. დაიდო დასკვნაც. ორი წლის წინ აღნიშნულ დასახლებაში 1063 ოჯახი ცხოვრობდა.

არაოფიციალური ინფორმაციით  ‘’ოცნების ქალაქში’’ ამ ეტაპზე დაახლოებით 3000 ხის და ქვის სახლია აშენებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი