ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

29 დეკემბერი 2017, 00:00 8227 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მერიასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ კი ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ინფორმირებულია.

ნატალია ზაქარეიშვილი მუშაობას განათლების სფეროში გაარძელებს, თუმცა რომელ უწყებაში მას არ დაუკონკრეტებია.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.

‘’ნამდვილად შემეძლო ხელშეკრულება გამეგრძელებინა, ჩემი სურვილიდან გამომდინარე ამ თანამდებობაზე აღარ ვიქნები. ახლო პერიოდში სხვა სამსახურში გადავალ’’ - აცხადებს ნატალია ზაქარეიშვილი.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა,  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  მსგავსი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

‘’ჩვენ 4 წელია მოვდივართ ერთად. ეს იყო ურთულესი გამოწვევების, მაგრამ ერთად დგომის და თავდაუზოგავი მუშაობის წლები! ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ შევძელით და ბათუმის საბავშვო ბაღებში დავნერგეთ ახალი, მაღალი სტანდარტი, რომლის შენარჩუნებაზე ყოველდღიურად, დაუღალავად ვმუშაობდით! მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ბათუმის საბავშვო ბაღების თითოეულ თანამშრომელს, ყველა ბაღის გამგეს, საბავშვო ბაღების გაერთიანების ყველა თანამშრომელს გაწეული თავდაუზოგავი მუშაობისთვის! უდიდესი მადლობა ქ. ბათუმის მერიის თანამშრომლებს, ერთად შრომისთვის, ერთად დგომისთვის, რადგან თითოეული ჩვენგანი, უმაღლესი პასუხისმგებლობით, ყოველთვის ვაცნობიერებდით რომ " ჩვენ გვანდობდნენ ყველაზე სანუკვარს" ჩვენს ბავშვებს!

ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც დროს იწყება ახალი ეტაპი და ახალი პერიოდი! ამჯერად, ჩემს ყოველდღიურობაშიც დადგა სიახლეების დრო! - წერს ნატალია ზაქარეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის აიპების ხელმძღვანელების ნაწილს მომავალ წელს ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ. კონკრეტულად ვის? ამის გარკვევას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს.  

რეორგანიზაციის შესახებ ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, რამდენიმე დღის წინ,  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი