სპეცოპერაციის დროს ახმეტ ჩატაევის თანამზრახველები დააკავეს

26 დეკემბერი 2017, 00:00 2925 ნახვა

პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში სპეცოპერაციის დროს  დღეს დაკავებული პირები, ახმედ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარნენ - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა  საერთაშორისო ტერორისტის ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება,  შემდეგ კი საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადისის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მისვლასა უზრუნველყვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებული პირები ჩატაევს ქვეყანაში უკანონოდ შემოღწევაში, ასევე ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში დაეხმარნენ.

ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.  '' სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები'' - აცხადებენ სუს-ში. 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა, რის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი იქნა მოკლული, ერთი კი დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი, რამდენიმე კი დაშავდა.

სუს-ის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს საერთაშორისო ტერორისტმა ახმედ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი