სპორტი მთავარში

22 დეკემბერი 2017, 00:00 2427 ნახვა

დღის მთავარი სპორტული სიახლე ეროვნულ საკალათბურთო სუპერლიგას უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ძმები ირაკლი  და დავით ბერიშვილები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავა. როგორც სუსის განცხადებაშია აღნიშნული საქმე ეხება ამა წლის 15, 16 დეკემბერს,  საკალათბურთო  „სუპერლიგის“ სამ შეხვედრას, რომლებიც წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით დასრულდა. ფაქტი დაგმეს დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიროგაძემ და კალათბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა

ხელბურთში, ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა.  ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ და „ქუთაისი 2015’-ს შორის ერთსაათიანმა დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - მატჩი ფრედ - 25:25 მორჩა და გუნდებმა აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს. ბათუმელებმა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 13 ქულით ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს. მათ ერთი ქულით ჩამორჩება თელავის „იმედი“მესამე პოზიციაზე ქუთაისი იმყოფება. დღესვე შედგა მატჩი ჩემპიონატის აუტსაიდერებს შორის. „წყალტუბომ“ 34:31 მოუგო „სამტრედიას“ ეროვნული ჩემპიონატი 2018 წელს გაგრძელდება.  რეგულარული სეოზონის დასრულების შემდეგ საჩემპიონო პლეიოფი გაიმართება.

ხვალ, სარაგბო კლუბი „ბათუმი“  2017 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს, რომელიც დიდი 10-ის გათამაშების მეხუთე ტურში გადადებული შეხვედრის ანაზღაურება იქნება. ბათუმელები სტუმრად თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ დროინდელი სატურნირო მდგომარეობის მიხედვით „ბათუმი“ 28 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და მოგების შემთხვევაში 2 საფეხურით აღზევდება. ლოკომოტივს კი შანსი აქვს, წლის ბოლო მატჩის მოგებით პირველ  ადგილზე გადაინაცვლოს. ლოკომოტოვისა და ბათუმის შეხვედრა 15 :00 საათზე დაიწყება. 

12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასის“ რიგით მეორე გათამაშება აიღებს სტარტს. ტურნირს ამჯერად გაცილებით მეტი მონაწილე ეყოლება. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 კლუბისა და ვეტერანი ვარსკვლავების გარდა, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. სიახლეა ისიც რომ უკრაინის, თურქეთის და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებს წელს იტალიელი ვეტერანებიც დაემატებიან. ტრადიციულად ტურნირში უეფას გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

საფეხბურთო სამყარო ელ კლასიკოსთვის ემზადება. ხვალ, „მადრიდის რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუზე „ბარსელონას“ მიიღებს.  მე-17 ტურისთვის კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატს 42 ქულით ლიდერობენ  და მეტოქეს 11 ქულით უსწრებენ. თუმცა მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.  მცირე ტრავმის გამო, სათუო იყო კრიშტიანუ რონალდოს განაცხადში მოხვედრა, მაგრამ ზინედინ ზიდანმა მატჩის წინა პრესპომფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი, რონალდოსთან ერთად სრულ მზადყოფნაშია. ოპტიმალური შემადგენლობა დაანონსა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემაც. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში