ხულოში, სოფელ ღურტაში სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა "ლე-კონსტრუქცია 231-მა " ხელშეკრულება აპრილში გააფორმა. დასაქმებულებისთვის თანხა კი ამ დრომდე არ გადაუხდია. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.
სოფელ ღურტას მცხოვრებლები ამბობენ, რომ 6 დასაქმებულს შესრულებული სამუშაოსთვის 7 ათასი ლარი უნდა აეღო. ისინი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს და კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს.
დაზარალებულების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურებას არ უხდის.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის დაკვეთით მუშაობდა.
სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ძიების შედეგად, შპს "ლე-კონსტრუქცია 231'' 12 მოგებულ ტენდერში ფიქსირდება. აქედან 2016-2017 წლებში მხოლოდ აჭარაში 10 ტენდერი აქვს მოგებული. ორი წლის მონაცემებით აჭარის მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში მოგებული ტენდერების შედეგად კომპანიამ 400 ათასი ლარი მიიღო.