საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2439 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართება. საორგანიზაციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება.

ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ეს ტერმინი - ”საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს, ქუთაისში - პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართა.

ამავე კატეგორიაში