საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღის წესრიგი ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

21 ნოემბერი 2017, 00:00 3512 ნახვა

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან 2017-2020 წლის ახალი დღის წესრიგი ამოქმედდა. 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა ახალი დღის წესრიგი და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორიცაა:

1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება;

2) საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;

3) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება;

4) ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები;

5) ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები;

6) კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა;

7) მობილობა და ხალხთა შორის კავშირები.

ცალკე პრიორიტეტად გამოიყო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა. "ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია" - წერია განცხადებაში. 

პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით. ევროკავშირი ასევე მზად არის შექმნას დახმარების ახალი ინსტრუმენტები ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.

"ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი