12 მომხრე და 11 წინააღმდეგი, კენჭისყრის შედეგად შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ამ პოსტზე "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა.
ფარულ კენჭისყრაში, საკრებულოს 24-დან 23 დეპუტატი მონაწილეობდა. შუახევში მმართველ გუნდს 19 დეპუტატი ჰყავს, ხმის მიცმის პროცედურაში 19-ვე მონაწილეობდა.
მაღალმთანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშენიძე, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრება, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და განმეორებით კენჭისყრას ელოდება.
"ეს დემოკრატიული პროცესია, მითითებები დეპუტატებს არ მიუღიათ" - განაცხადა შარაშენიძემ. მისი თქმით, მათ ჰყავთ ერთი კანდიდატი და სხვა ამ თანამდებობაზე არ განიხილება.
დეპუტატმა უარყო გუნდში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია. "არანაირი სხვა კანდიდატი ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება და არც უნდოდათ თანაგუნდელებს, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და იმედი მაქვს, განმეორებით კენჭისყრაზე, ახალ თავმჯდომარეს ავირჩევთ" - განაცხადა ხვიჩა შარაშენიძემ.