შაჰინის სკოლის ნაცვლად ამერიკულ-ქართული სკოლა გაიხსნება

15 ნოემბერი 2017, 00:00 11509 ნახვა

შაჰინის სკოლის  ნაცვლად ამერიკულ-ქართული სკოლა გაიხსნება - ინფორმაციას აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შენობა კერძო მფლობელებმა გაყიდეს და შენობაში ქართულ ამერიკული სკოლა გაიხსნება. "ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ ჩემთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებები თბილისშიც აქვთ, გეგმავენ შენობის რეაბილიტაციას და, სავარაუდოდ, ერთი კორპუსის დამატებას," - განაცხადა მინისტრმა უმაღლეს საბჭოს განათლების კომისიის სხდომაზე. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით შაჰინის სკოლის შენობა, ბაგრატიონის 117 ნომერში, 29 სექტემბრის მონაცემებით უკვე შპს "ვი თი ჯგუფს" ეკუთვნის.  

ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, "თავის დროზე, ეს ტერიტორია სახელმწიფომ იმ პირობით გაყიდა, რომ ექნებოდა საგანმანათლებლო ფუნქცია. პირობა შესრულებულია და მესაკუთრეს ჰქონდა უფლება გაესხვისებინა შენობა". 

შაჰინის სკოლა ბათუმში წლებია წარმატებით ფუნქციონირებდა, პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებას საბჭომ ავტორიზაცია 2017 წლის თებერვალში გაუუქმა, შედეგად სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 

ბათუმის გარდა დემირელის სკოლები დაიხურა თბილისშიც. სკოლების დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებდნენ სკოლა ლიცეუმების ქსელის ხელმძღვანელები. დემირელის სკოლების ქსელი ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდებოდა, თურქულ-ქართულ სკოლა-ლიცეუმებს ავტორიზაციის პრობლემები საქართველოში მას შემდეგ შეექმნათ, რაც თურქეთში ფეთჰულა გიულენი გადატრიალების ორგანიზატორად დაასახელეს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი